ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება - ჯანდაცვის მინისტრი
თბილისსა და რეგიონებში მასობრივი ვაქცინაცია მომავალი თვიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, მესამე კვარტილდან ანუ შემდეგი თვიდან ქვეყანა მზადაა, დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში.
„იანვარში ვაქცინაციის კალენდარი დამტკიცდა, რომელიც ვაქცინაციის პროცესის სხვადასხვა ფაზას გულისხმობდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მესამე კვარტალში იყო დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ მესამე კვარტილდან ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა საჭიროებები გამოიკვეთა. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ასევე ვართ მზად. იმ ვაქცინებით, რომელიც საქართველოში შემოვა, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.