საზოგადოება
28.06.2021 12:58
გორის მეთოთხმეტე საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება განაახლა
გორის მეთოთხმეტე საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება განაახლა. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, შენობაში მიმდინარე გათბობის სისტემების მონტაჟისა და სამზარეულოს მოწესრიგების პროცესი დასრულდა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, აღნიშნულ საბავშო ბაღში სხვა, მუშა პროცესში გამოკვეთილი გარკვეული სამუშაოების შესრულებაც გახდა საჭირო, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებას ვერ ახერხებდა. კონკრეტულად კი, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ობიექტი არ ჩაიბარა და კომპანიას ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. ამ ყველაფერმა კი, სწავლის დაწყების თარიღი გააჭიანურა.
„აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხუთი ჯგუფი ფუნქციონირებს, შესაბამისად, აღსაზრდელთა საკმაო რაოდენობაა და ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ბაღის ფუნქციონირების დაწყება. სააგენტოს ქვემდებარე სხვა საბავშო ბაღების მსგავსად, სწავლის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი გაიტესტა კოვიდ19-ზე და შემდგომაც, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება პერსონალის გეგმიური ტესტირება. ბუნებრივია, სწავლის პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰიგიენური ყველა ნორმა“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
კვირის ამბები