სპორტი
28.06.2021 10:46
სოფელ მეჯვრისხევში სამდღიანი საფეხბურთო ფესტივალი დასრულდა

„ფეხბურთი ყველას“ - ამ სახელწოდებით, სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა. სპორტული აქტივობის გამარჯვებულის ტიტული ქუთაისის ბავშვთა გუნდმა - „სოს ბავშვთა სოფელი“ მოიპოვა. ქუთაისელმა მოზარდებმა ფინალში სოხუმის „დინამო“ დაამარცხეს და თასის მფლობელებიც გახდნენ.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს კუთვნილი ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდეტნმა კახა ჭუმბურიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს.

ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის, 12-დან 14-წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობებისგან, მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისგან შემდგარი გუნდები.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას სპორტული და კულტურული აქტივობების გზით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ მეექვსე წელია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ბავშვს აერთიანებს. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა და აღსაზრდელები სისტემატიურად ვარჯიშობენ.

კვირის ამბები