სამართალი
26.06.2021 20:21
საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის პოზიციას იზიარებს დაცვის მხარეც, თუმცა, ბრალდებულის ადვოკატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნასაც მოითხოვს. თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკურნალობა ესაჭიროება.

,,აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბრალდების მხარის პოზიციას ვიზიარებთ, მაგრამ აქვე განვაცხადებ, რომ მოვითხოვეთ, დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. არსებობს შესაბამისი სამედიცინო ისტორია, რაც მოწმობს, რომ ჩემის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იგი იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ სპეციალურ მედიკამენტებს“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

თედლიაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

შეგახსენებთ, 24 ივნისს, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს 21 წლის ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელს ცხვირის მიდამოში რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

წინასასამართლო პროცესი 20 აგვისტოს ჩაინიშნა.

კვირის ამბები