საზოგადოება
25.06.2021 16:41
შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია.

როგორც პრემიერმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, საგარეო მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამაღლდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, რათა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა იცოდეს.

„უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

კვირის ამბები