გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თანამოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მიმდინარეობს რეფორმები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კრიმინალური, სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის გასაძლიერებლად, პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას.
გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს. ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.