გორში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს. ყ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ. მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნისნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, საღამოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციელს, რომელსაც ცხვირის მიდამოში აღენიშნება რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება, ამბულატორიული სამედიცინო დახმარება ,,გორმედში“ გაეწია.