საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც მოქალაქე თავს დაესხა, ცხვირის მიდამოში აღენიშნება რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება, - ამის შესახებ კლინიკა „გორმედის“ ქირურგმა მანუჩარ სხირელმა განაცხადა.
სხირელის ინფორმაციით, პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია.
„შემოყვანილ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც აღენიშნებოდა რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება ცხვირის მიდამოში. დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, დაზიანება მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნით. პაციენტს გაეწია ამბულატორიული დახმარება, დაედო კვანძოვანი ნაკერები და გაეწერა ბინაზე, სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა“, - განაცხადა მანუჩარ სხირელმა.
შეგახსენებთ, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.