შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსიტუაცია გარკვეულად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ სტაბილური იმიტომ, რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, კორონავირუსთან ბრძოლაში პირბადე მთავარ იარაღად რჩება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსიტუაცია გარკვეულად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ და ფრიად საყურადღებოდ სტაბილური იმიტომ, რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია. მიუხედავად ყველა შემსუბუქებისა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, ამიტომ ის რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. აუცილებელია, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ყველგან სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. სანამ ჩვენი მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება ჩვენს მთავარ იარაღად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით აცრილია 88 754 ადამიანი. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“.