საზოგადოება
24.06.2021 14:31
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს 40%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი, - აღნიშნული შეთანხმება პარლამენტში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პიზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ - 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომით გაიმართება.
კვირის ამბები