გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 24 ივლისიდან დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 24 ივლისიდან დაიწყება. აღნიშნულის შესახებ GMnews-ს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სწავლის დასრულების შემდეგ განხორციელდება თუ არა სოციალური პროექტი, რომელიც მორიგე, „საზაფხულო ბაღების“ გახსნას გულისხმობს.
„სასწავლო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში 23 ივლისის ჩათვლით წარიმართება. რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2021-2022 სასწავლო წლის განახლების თარიღს, გეტყვით რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გარკვეული რისკებიდან გამომდინარე დაზუსტებით არ შეგვიძლია თქმა. ეპიდვითარებიდან გამომდინარე მივიღებთ „საზაფხულო ბაღების“ გახსნის გადაწყვეტილებასაც,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ დროისთვის აღსაზრდელების ნაწილი ბაღში ინტენსიურად უკვე აღარ დადის. რეგისტრირებული 6000 ბავშვიდან, სასწავლო პროცესს, დაახლოებით 1800 ესწრება.