საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა.
უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს სასულიერო პირები გუშინ შეხვდნენ.
,,წერილი უკვე მზად არის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გადაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა გახელაძე არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დღეს 34 წლის გახდა. დღესვე, გახელაძის ოჯახი და ახლობლები სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავენ და ზაზა გახელაძის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი გახელაძეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და ,,მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავება.