ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დღეს 34 წლის გახდა. გახელაძის ოჯახი და ახლობლები დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავენ და ზაზა გახელაძის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
გუშინ საღამოს, გახელაძის ოჯახის წევრებს სასულიერო პირები შეხვდნენ.
გორისა და ატენის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანდრიას ინფორმაციით,
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.
,,წერილი უკვე მზად არის და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გადაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა გახელაძე არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.