გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, სექციების ნაწილმა ვარჯიში უკვე განაახლა
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სექციების ნაწილმა ვარჯიში უკვე განაახლა.
სექტემბრიდან კი, განახლებულ დარბაზებში პატარა სპორტსმენებიც გააგრძელებენ ვარჯიშს.
„სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში შეკეთდა ტანვარჯიშის დარბაზის სახურავი, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ოთხ დარბაზს, ამასთან ყველა მათგანში ასევე მოწესრიგდა სველი წერტილები, გასახდელები და მწვრთნელების ოთახები. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სექციებთან ერთად, სპორტის 20 სახეობაში, ჯამში, ორიათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს. აქ, სწავლა უფასოა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა რანგის ტურნირებზე სპორტსმენთა მონაწილეობაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება“- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.