გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ.
„გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. პირბადის გამოყენების ვალდებულება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება და ოქროს შუალედი უნდა შევინარჩუნოთ რომ არ გაუარესდეს ეპიდვითარება და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას.