საზოგადოება
21.06.2021 12:59
ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთის რედაქტორი და მწერალი ზაურ წაქაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთის რედაქტორი და მწერალი ზაურ წაქაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პედაგოგი, გაზეთ „გამარჯვების“ ლიტერატურული მუშაკი, ,,გორის მოამბის“ დამფუძნებელი, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე - სხვადასხვა დროს, ზაურ წაქაძე არაერთ სფეროში მოღვაწეობდა და აქტიურად იყო ჩართული „პარტიულ ცხოვრებაშიც“, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, „პარტკომის სიმართლით“ არასოდეს უცხოვრია. არაერთი წიგნის ავტორი, ყველაზე დიდ დამსახურებად გაზეთ „გორის მოამბის“ დაარსებასა და მთავარი რედაქტორის სტატუსით განვლილ თერთმეტწლიან მოღვაწეობას ასახელებდა.
ზაურ წაქაძე წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. მწერალმა სიცოცხლის ბოლო წლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, საკუთარ სახლში გაატარა.
„სვირი, ბრეგოულა, აჯამეთის ტყე, ნიყვი, ყვირილა, ქუთაისი, რიონი, თენებოურის დიდებული მწვერვალი, საიდანაც კოლხეთის დაბლობი მთლიანად ჩანს - ეს ჩემი დაბადების ადგილია. არასოდეს მინდოდა წამოვსულიყავი იქიდან, შემდეგ? შემდეგ შექმნილი გარემოების მიზეზით, ქართლში დავრჩი. უკანასკნელი წლებია ფხვენისში ვცხოვრობ. სოფელი ჩემი სიზმრების სამყაროა, რომელსაც სიკვდილამდე არ მოვშორდები“, - საუბრობდა გაზეთ „გორის მაცნესთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ზაურ წაქაძე.
„გორის მაცნე“ მწუხარებას გამოთქვამს ზაურ წაქაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს.
კვირის ამბები