ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ხანძარია. ცეცხლი ახალგორის რაიონში, ზაპორის ხეობაში გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები ფოთლოვანი ტყის მასივშია. ადგილის რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები ქვეითების დახმარებით იგეგმება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ე.წ. სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ლაზაროვი აცხადებს, რომ ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის, მაგრამ მაშველები ხანძრის სალიკვიდაციოდ ყველაფერს აკეთებენ, პარალელურად, მოხალისეების მობილიზება ხდება. „მე გავაფრთხილე ადგილობრივები, რომ თუ ცეცხლი მიუახლოვდება სოფელს, გაგვაგებონონ, რომ მეხანძრეები მზად იყვნენ:, - აცხადებს ლაზაროვი ადგილობრივ მედიასთან.
ხანძრის კერასთან ახლოს ზაპორის ხეობის რამდენიმე სოფელი მდებარეობს.