ხელთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაზის მილსადენი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ამავდროულად, ბუნებრივი აირის მილსადენი დაზიანდა. ,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე სოფელი გაზის გარეშე დარჩა.
,,სოფელ ხელთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ძალზე მსუბუქად დაშავდა, მაგრამ ავარიისას დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც ამ დროისთვის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თუმცა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უმოკლეს დროში მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება.