საზოგადოება
18.06.2021 16:20
წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტი გარდამავალია და მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნისა და ტოპოგადაღების მიხედვით განხორციელდება.

„წმინდაწყლის დასახლებაში, გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე, სადრენაჟე სისტემა მოძველებულია და  ნაწილობრივ მუშაობს. უხვწყლიანობის დროს არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველმყოფს გრუნტის წყლის ათვისებას, რის გამოც ჭაობდება მიმდებარე ტერიტორიები და ჭარბი წყალი გადაედინება ეზოებსა თუ სავარგულებზე. ახალი სადრენაჟე სისტემის მოწყობა პრობლემას მოუგვარებს ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი მილის გადატანაც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დაგეგმილ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ვიაიპი“ ახორციელებს.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს.

კვირის ამბები