საზოგადოება
18.06.2021 13:25
ვარიანში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები უკვე დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები უკვე დაიწყო.

დაინტერესებულ პირებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით დაეხმარება, დაირეგისტრირონ არაფორმალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.  

GMnews -ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უფასოა ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო მომსახურება, მათ შორის: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება; საკადასტრო მონაცემების ცვლილება; საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა (სანოტარო მედიაცია) და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

„სოფელი ვარიანი ერთ–ერთია იმ 28 ადმინისტრაციული ერთეულიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით დარეგისტრირდება კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის იმ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები