პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ პროგრამებზე მიღების წესები იცვლება და ის თანაბრად გავრცელდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებზე. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ვადებს, ივლისის დასაწყისში გამოცხადდება. 2021 წლის რეგისტრაციის შედარებით დაგვიანების მიზეზი პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა და დაგეგმილი ცვლილებებია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე მიღება გამოცხადდება, როგორც ტრადიციულ, ასევე ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.
წელს ინტეგრირებულ პროგრამებს 1200-მდე ახალი ადგილი დაემატება.
„პროფესიული განათლების შესახებ კანონმა განსაზღვრა ვალდებულება, რომ პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ყოფილიყო შემოღებული. აქამდე, კერძო პროვაიდერები არ იღებდნენ სტუდენტებს ერთიანი ტესტირების გზით და ეს საჯარო კოლეჯებისთვის და კერძოებისთვის აუცილებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სურდათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება. ეს დიფერენციაცია სისტემაში ვეღარ შენარჩუნდება იმიტომ, რომ ყველა სტუდენტი სტუდენტია და ყველა პროვაიდერი პროვაიდერია, ამიტომაც ახალი კანონის საფუძველზე, უკვე შემუშავდა პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის ახალი რეგულაცია. ახალი წესი არის ბევრად უფრო დეცენტრალიზებული, მაგალითად მხოლოდ მე-5 დონეზე რჩება ნაეკის მიერ ორგანიზებული ერთიანი პროფესიული ტესტირება და მე-3 და მე-4 დონეებზე თავად კოლეჯები დააადმინისტრირებენ მიღებას. ანუ, არსებითად იცვლება ჩარიცხვის და მიღების წესი და ეს წესი ძალიან მალე შევა ძალაში“, - განაცხადა კახაბერ ერაძემ.