18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის თვალსაზრისით, ამჟამინდელი მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, 1 აცრა ჩატარებული აქვს 147 000 ადამიანს, ორივე დოზით კი 75 000 ადამიანია აცრილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით 1 აცრა ჩატარებული აქვს 147 000 ადამიანს, ორივე ვაქცინით კი 75 000 ადამიანია აცრილი. ეს, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია იმ სასურველი სამიზნის, რაც წლის ბოლომდე გვინდა იქნას მიღწეული. 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება და ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და შედარებით უფრო მოგვიანებით, სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.