საზოგადოება
17.06.2021 18:10
ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სექტემბრამდე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განახლებული შენობა ექსპლოატაციაში ახალი სასწავლო წლისთვის შევა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერეს.

პროექტი შენობის სრულ განახლებას გულისხმობს, ასევე იგეგმება სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცლა, განახლდება კომუნიკაციები და მოეწყობა ეზო. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს და პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს.

„ხელთუბნის საბავშო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ვგეგმავთ, რომ სამუშაოები მიმდინარე წელს დავასრულოთ. შესაბამისად, აქ მცხოვრები პატარების კომფორტისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი,“- აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით,=, ხელთუბნის საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე, მთლიანობაში - 200-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ახალ საბავშვო ბაღში, ხელთუბანში მცხოვრებ პატარებთან ერთად, თორტიზაში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ხელთუბნის ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებს.

კვირის ამბები