რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძელებმა ლაშა ხეთერელი გასული წლის ზაფხულში უკანონოდ დააკავეს. ხეთერელი ამ ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.