სამართალი
13.11.2019 16:42
კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ნაცემ მოზარდს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ნაცემი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

,,პაციენტს აღენიშნება ჰემატომები სახის არეში. ჰემატომები ფიქსირდება ორივე თვალ-ბუდის არეში, ასევე, ცხვირის მიდამოში, აღენიშნება ტუჩის ნახეთქი ჭრილობაც. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა კლინიკიდან“, - განაცხადა ,,გორმედის“ მორიგე ექიმმა ასლან ასლანიშვილმა.

მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის, გელა ჯაფარიძის განცხადებით, შემთხვევა სკოლის შენობის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა და ფაქტის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ,,ჩვენი სკოლის მოსწავლე გახლავთ. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, გაკვეთილები უკვე დასრულებული იყო. შემთხვევას ადგილი ჰქონდა სკოლის ტერიტორიის გარეთ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს. მომხდარზე ტელეფონით გვაცნობეს, როდესაც მივედით, ფაქტი მომხდარი იყო. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა გელა ჯაფარიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს.

კვირის ამბები