საზოგადოება
17.06.2021 10:15
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის 75-ე სესია დასრულდა. გენერალურმა ასამბლეამ ,,აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნული რეზოლუცია ინიცირებული იყო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

„ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

„მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 57 ქვეყანა შეუერთდა. რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი.

კვირის ამბები