გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, გარკვეული პაუზის შემდეგ, მაყურებელს უბრუნდება. რეპერტუარიდან მოხსნილი სპექტაკლების ჩვენება 17 ივნისიდან განახლდება. როგორც თეატრში ამბობენ, რამდენიმე დღის წინ, მსახიობები კორონავირუსზე გაიტესტნენ და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. შესაბამისად, სპექტაკლების გადადება საჭირო აღარ გახდა.
რაც შეეხება 17 ივნისს ჩანიშნულ სპექტაკლს, ახალგაზრდა რეჟისორი თომა ათანელიშვილი, მაყურებელს ლუკას ჰნათის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ წარუდგენს. საპრემიერო ჩვენება 17 და 18 ივნისსაა დაგეგმილი. წარმოდგენა 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გორის თეატრის მსახიობს, კობა კოპაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა, რის გამოც 12 და 13 ივნისს, რეპერტუარიდან თოჯინური სპექტაკლის -„მზის სხივი“ ჩვენებაც მოიხსნა სადაც მსახიობი მონაწილეობდა.