საზოგადოება
16.06.2021 13:28
გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის სხვადასხვა უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

GMnews-ის ინფორმაციით, შიდა ქართლის სხვადასხვა უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.

წყაროს ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის გარდა, ცვლილებები დაგეგმილია შსს-ს რეგიონულ დანაყოფებშიც. ერთ-ერთ მოსალოდნელ ცვლილებად სახელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის შეცვლა. ინფორმაციის თანახმად, ამ პოსტზე, სავარაუდოდ, როტაცია განხორციელდება და გიორგი ნინუა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი პოსტებს გაცვლიან.

რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნიას, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, გარკვეული ცვლილებები იგეგმება გუბერნიაშიაც და შესაძლოა, მხარის რწმუნებულის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობა პარლამენტის ყოფილმა წევრმა თენგიზ (თემურ) ხუბულურმა დაიკავოს. GMnews-ი დაუკავშირდა ხუბულურს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ასევე, არაოფიციალური წყაროებით გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება გორის მუნიციპალიტეტის მერის ორი მოადგილის ვაკანტურ ადგილზე. ინფორმაციის თანახმად, ვიცემერის პოზიცია, შესაძლოა, ასევე ყოფილმა პარლამენტარმა თამაზ შიოშვილმა დაიკავოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. შიოშვილმა GMnews-თან ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავება ამჯობინა.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მერის მოადგილეების თანამდებობებზე უკვე შეირჩა ღირსეული და კვალიფიციური კადრები და მათ შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

აღნიშნულის გარდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობები დატოვეს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა გიორგი გობეჯიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი მეზვრიშვილმა, თუმცა, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

კვირის ამბები