საზოგადოება
16.06.2021 13:20
22-26 ივნისის მონაკვეთში გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 22 ივნისის 00:00სთ-დან 24 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. ამავდროულად, 24 ივნისის 00:00სთ-დან 26 ივნისის 00:00სთ-მდე ამავე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები