ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა ნამდვილი მოვლენაა, ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი - ასე აფასებენ ლიტერატურის კრიტიკოსები ლუკა რაზიკაშვილს. მოგეხსენებათ, თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს გორში აქვს გატარებული. მწერლის პირდაპირი შთამომავლები კი, დღესაც ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში. GMnews-ი გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას დღემდე უცნობ ლექსს, რომელიც ორი წლის წინ, მწერლის შთამომავალმა, მინდია გოდერძიშვილმა გადასაყრელად გამზადებულ მაკულატურაში აღმოაჩინა.
გაჩეჩილაძე ღიღინებს,
გომი შორაპნის გზაზედა,
შენი ჭირიმე უფალო,
რომ დამარიგე ჭკვაზედა.
ვაჟა-ფშაველამ მაწვნია,
მეც მოვექეცი ახზედა,
რაც ფული უნდა მიმეცა
გადავიტანე სხვაზედა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ჩანაწერთა ასლები უკვე გადააგზავნა გრაფიკულ ექსპერტიზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერის წარმომავლობას საეჭვოდ არ მიიჩნევს. არგუმენტად, თითოეული ფურცლის ბოლოში ვაჟას პირად ხელმოწერას ასახელებს, თუმცა, მეტი სანდოობისთვის დიდი მწერლის შთამომავალი ექსპერტიზის შედეგებს მაინც ელოდება, რათა სკეპტიკოსებს ყველა შესაძლო ეჭვი გაუქროს.
მინდია გოდერძიშვილი: „ცნობილია, რომ ჩემ წინაპრებს რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი. მათ არაერთი დიდი ტრავმა გადაიტანეს, რაც ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით გამოიხატებოდა. ჩემი დიდი პაპა ლევან რაზიკაშვილი ახალგაზრდა ასაკში ბოლშევიკებმა დახვრიტეს. სახარბიელო მდგომარეობაში არც ვაჟას შთამომავალთა სხვა შტო ყოფილა, გამუდმებულ სტრესსა და დევნაში იყვნენ. ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარე იყო მათი მიწერ-მოწერა საგულდაგულოდ შენახული და ძველ სათავსოში გადანახული. ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. თავიდან გადაყრას ვფიქრობდით, თუმცა, გადავხედეთ და დღემდე უცნობი მასალა აღმოჩნდა. მართალია, ავთენტურობის დადასტურების პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ქვეყანაში, მალე, ყველაფერი დალაგდება და ვაჟას უცნობი ლექსების გახმაურება-გამომზეურებაც დადგება დღის წესრიგში“.