2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, - აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ზემოხსენებული უწყებების წარმომადგენელთა თქმით, საგამოცდო პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. ამასთან, სრულად გადაიხედა არსებული რეკომენდაციები კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით და შარშანდელი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომებიც. რისი გათვალისწინებითაც თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ 19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.
სოფო გორგოძემ კი, განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
გორგოძის თქმით გამოცდების ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული Covid 19.
რაც შეეხება პაატა იმნაძის პოზიციას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.