დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ გვყავს მაღალი რანგის სტუმრები. დღევანდელ შეხვედრას ესწრება ეუთოს გენერალური მდივანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
„დღეს გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეასე შეხვედრა, აღნიშნულ შეხვედრაზე, მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ბოლო დროს აქტიურ ფაზაში გადასულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია კიდევ იმით, რომ გვყავს მაღალი რანგის სტუმრები. დღევანდელ შეხვედრას ესწრება ეუთოს გენერალური მდივანი, ქალბატონი ჰელგა შმიტი და ესეც გახლავთ ნათელი დადასტურება იმ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერისა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები იჩენენ როგორც მოლაპარაკების არსებული ფორმატების, ასევე საქართველოს მიმართ“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა იწყება.