ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დაიწყო. ერგნეთში იმყოფებიან ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც. შეხვედრის დაწყებამდე გახელაძის მეუღლე და მშობლები სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.
„ხელისფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ, რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ, რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ალბათ ის, რამაც შეიძლება შედეგი გამოიღოს. ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით“, - განაცხადა ზაზა გახელაზის მეუღლემ ირმა ბუნტურმა.
დღესვე ოჯახის წევრები ერგნეთში ეუთოს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდტდთან შეხვედრასაც გეგმავენ.
„დიდი მოლოდინი გვქონდა მაისში, როდესაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს, დიდი იმედი ჩაგვისახა, რომ ორ კვირაში ჩემი შვილი სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ იყო. გუშინაც გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და გვითხრეს, რომ ჩართულები არიან მოლაპარაკების პროცესში და დაგვაიმედეს, ვნახოთ რა იქნება. დღეს ერგნეთში ჩამოვედით, რომ ეუთოს გენერალურ მდივანსაც შევხვდეთ და ვთხოვოთ დახმარება“, - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ.
მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის საინფორმაციი-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
„ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება და მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დიალოგი მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ შეხვედრებზე, არამედ, შეხვედრებს შორის პერიოდშიც და ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვიყავით თუნდაც გუშინ. დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება საშუალება გავცვალოთ პოზიციები და მეტი დეტალი გვეცოდინება შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს. უბრალოდ, არის სიტუაცია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებს მოლაპარაკების პროცესს ისეთ რთულ საქმეებში, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ოკუპირებული რეგიონები, რომ კონკრეტულ დროში მოცემულობა გვიჩვენებს ერთ ინდიკატორს, მაგრამ პროცესში, დინამიკიდან გამომდინარე, ამ ინდიკატორებმა შესაძლოა განიცადონ გარკვეული კორელაცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ცვლის ჩვენს პოზიციას, ჩვენ მომართული ვართ და ეს არის ჩვენი მიზანი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდნეს საკუთარ სახლებში და ეს აუცილებლად ასე იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.