საზოგადოება
15.06.2021 11:48
რა წამახალისებელი ღონისძიებების გატარებას განიხილავს ხელისუფლება სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის

განცხადებით, განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და მუშავდება ის პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს.

„მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. ასევე, მიდის მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები