2021-2022 სასწავლო წლის დასწყისში საჯარო სკოლების პირველკლასელებმა, შესაძლოა ბუკები ვერ მიიღონ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ხელშეკრულება გაფორმებულია და სახელმწიფო ტექნიკას ყიდულობს, თუმცა მსოფლიოში არსებული სხვადასხვა პროცესების გამო, მოწოდების პროცესი შეფერხებულია.
„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მოწოდების ვადებიც განსაზღვრულია, თუმცა, იმის რისკი ნამდვილად არსებობს, რომ შეიძლება ცოტა დაგვიანებით იყოს მოწოდებული. ცალსახად აღვნიშნავ, რომ მოწოდება იქნება ნამდვილად და არც ერთ პირველკლასელს ხელი არ შეეშლება კომპიუტერით სწავლების პროცესში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა შეიძლება, პირველ სასწავლო დღეს ყველა კომპიუტერი ჩამოტანილი ვერ იყოს, ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით არსებულის სხვადასხვა პროცესების გამო, მოწოდება საკმაოდ შეფერხებულია. იმედი გვაქვს, დიდი გადაცდომა არ იქნება და მივიღებთ სათანადო რაოდენობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწავლო პროცესის შეფერხება ამ კუთხით არ იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ წლბია ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველკლასელები სახელმწიფოსგან საჩუქრად ბუკს იღებენ. მომავალი სასწავლო წლისთვის, ბუკების საორიენტაციო რაოდენობა 45 500 ერთეულია, შესყიდვის ღირებულება კი ჯამში 40 950 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველმა კომპანიამ acer-ის ფირმის ნეტბუკები, საგანმანათლბელო რესურსცენტრებს 15 სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს.