საზოგადოება
15.06.2021 11:12
მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამა დაამტკიცა რაც შემორჩენილი მერქნიანი მცენარეების აღწერასა და ახალი ნარგავების გაშენებას გულისხმობს
მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რაც საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება ზემოხსენებულ ლოკაციებზე ამ დროისთვის შემორჩენილი მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა, რათა მოგვიანებით ქარსაფარი ზოლების რეგისტრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენა/გაშენება განხორციელდეს.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა.
„პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა. დეგრადირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კვლავ გამოყენებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2021 წელს დაიწყებადა მისი დასრულება დაგეგმილია 2025 წლისთვის.
კვირის ამბები