„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წყაროს ცნობით, მმართველი გუნდის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე თამაზ შიოშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ GMnews-თან „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კონსტანტინე თავზარაშვილმაც დაადასტურა.
,,დიახ, გიდასტურებთ, რომ გარკვეული ცვლილებები გვაქვს, მიმდინარეობს გუნდის გაძლიერება. ამ ეტაპზე ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დაინიშნა თამაზ შიოშვილი. ცვლილებები სავარაუდოდ კიდევ იქნება, როგორც აღვნიშნე, მიმდინარეობს გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ აღმასრულებელ მდივანს, მიხეილ გოგინაშვილი კვლავ ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში რჩება.
თამაზ შიოშვილი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (პარტიული სიით), შემდგომ, 2017 წელს გორის ვიცემერის პოსტი ეკავა, მოგვიანებით კი თბილისის მერიის საქალაქო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.