გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის განახლებული სიტემა ჩაირთო. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით განახორციელა.
სასმელი წყლის სისტემა ექსპლოატაციაში დღეს შევიდა და ადგილზე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ.
„მოგეხსენებათ, მთავრობისთვის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებულ სოფლებში მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სოფელი ციცაგიანთკარი სწორედ ე.წ. საზღვრის პირას მდებარეობს, აღნიშნულ სოფელში წლებია სასმელი წყლის პრობლემაა და ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებოდნენ. ახლა კი, 144 ოჯახს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა. ჩვენი პარტნიორების დახმარებით, შევძელით მთელი სოფლისთვის სასმელი წყლის სიტემის განახლება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საელჩოს, ეუთოს წარმომადგენლობას, იტალიის საელჩოს, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა ღმოგვიჩინეს. ეს ხალხი, ჩვენ ყოველთვისდ გვიდგას გვერდში. იმედია, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს გარკვეულწილად მაინც შეუმსუბუქდებათ საყოფაცხოვრებო პირობები“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.
პროექტის საერთო ღირებულება 358 000 ლარი გახლავთ, საიდანაც, გორის მერიის მხრიდან თანადაფინანსება 24 000 ლარს შეადგენს, დანარჩენი თანხის ფინანსური მხარდაჭერა კი, ეუთო-ს მხრიდან იტალიის სახელმწიფომ (როგორც ეუთო-ს წევრმა ქვეყანამ) უზრუნველყო.