საზოგადოება
14.06.2021 12:02
სახელმწიფოს ხელშეწყობით გორის მუნიციპალიტეტში მორიგი სამაცივრე მეურნეობა აშენდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა. ახლადგახსნილი დაწესებულება პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა. შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 300 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
როგორც „ქულსერვისის“ აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა დაათვალიერეს.
„სოფელ კარალეთში გაიხსნა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ.
სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 45-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობის მოწყობა; დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის მასშტაბით შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება კი, ჯამურად, 14 მლნ ლარს შეადგენს.
კვირის ამბები