უკვე არსებობს გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და 4 თვის განმავლობაში - ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 49% გამოთქვამს ვაქცინაციის სურვილს.
,,საქართველოს მოსახლეობის 49% გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას, დაახლოებით, 20% მერყეობს და დანარჩენი ამბობს, რომ არ აიცრება. ჩვენთვის მთავარია, ამ 49%-ს მივცეთ საშუალება, რომ ადვილად აიცრან, იმ 20%-ზე მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანიებით ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ, რომ აცრაზე უკეთესი ჯერ არაფერი არ მოუგონია კაცობრიობას. რაც შეეხება ბუსტერულ დოზას, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ მესამე ე.წ. ბუსტერული დოზა გახდეს საჭირო. მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლებელია მესამე დოზით აცრა საჭირო გახდეს, რომ უფრო გახანგრძლივდეს იმუნიტეტი“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.