სამართალი
11.06.2021 19:50
გორი-კასპის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა

სოფელ დოესთან, გორი-კასპის მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა.

კასპიდან გორის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი ,,გორმედშია“ მოთავსებული.

კლინიკის ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ,,გორმედში“ ორი პირია შეყვანილი. ორივე მათგანს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ხეჩიკაშვილის განცხადებით, დაშავებულთაგან არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კვირის ამბები