ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ არსებულ სოფელ ქერეში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებისთვის, ჯამში, მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, პირველ მოადგილესთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დგილზე გაეცნო.
„სოფელ ქერეში საჯარო სკოლის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია ერთი მხრივ, რომ სკოლა საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და აქამდე მოსწავლეებს მეზობელი სოფლის სკოლაში უწევდათ სიარული და მეორე მხრივ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რასაც აღნიშნული პროექტი ხელს ნამდვილად შეუწყობს,“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
მშენებარე სკოლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, ნაგებობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ამასთან, დაგეგმილია ეზოს და სპორტული მოედნის მოწყობაც.