გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ. ახალგაზრდა რეჟისორი თომა ათანელიშვილი, მალე, მაყურებელს ლუკას ჰნათის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ წარუდგენს. საპრემიერო ჩვენება 17 და 18 ივნისსაა დაგეგმილი. წარმოდგენა 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
„ერისთავის სახელობის თეატრმა, ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიამდე ჩაატარა კონკურსი სახელწოდებით - „Gate 35“. მონაწილეობის მსურველებს, პროექტის სახით უნდა წარმოედგინათ საკუთარი შემოქმედებითი ინიციატივის აღწერილობა, აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი თომა ათანელიშვილი, რომლის სპექტაკლის „თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ“ პრემიერასაც ჩვენი თეატრი ახლო მომავალში წარმოგიდგენთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ქართულ სცენაზე ზემოხსენებული პიესის პირველი ინტერპრეტაცია“, - აცხადებენ გორის თეატრში.