პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების პირობებში, საქართველოში ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ამ ეტაპზე, საქართველო 54 ქვეყნიდან იღებს სტუმრებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება.
,,უკვე, 54 ქვეყნის მოქალაქესა შეუძლია იმოგზაუროს საქართველოში pcr ტესტის საშუალებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსნა საზღვარი ვაქცინირებული სტუმრებისთვის. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, აღდგენილია 57%-ით“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
თამარ ყორიაულის ინფორმაციით, განიხილება ბენეფიტების საკითხი ვაქცინირებული სტუმრებისთვის.
,,როგორც ეკონომიკური ჯგუფის უწყებების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად განიხილავს იმ დამატებით ბენეფიტებს, რაც შეიძლება ჰქონდეთ ვაქცინირებულ ტურისტებს. ასევე, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნას ვაქცინირებული უწყებებისთვის. ამაში ვგულისხმობ როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტებს“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.