ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა.
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე შავდათუაშვილმა 73 კგ. წონით კატეგორიაში საუკეთესოდ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა. ამ წარმატების შემდეგ, ის ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული. ოლიმპიადა შავდათუაშვილმა 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატი 2013 წელს, მსოფლიოსი კი ახლა მოიგო.
ლაშა შავდათუაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და ამავდროულად, ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის“ წევრია.
შავდათუაშვილს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპორტის მესვეურებმა და გულშემატკივრებმა.
ჩემპიონს და მის მწვრთნელს გამარჯვება მიულოცეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის სააგენტოს დირექტორმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა.