სპორტი
13.11.2019 12:56
გოლდენ გორი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს

ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი" ევროპის მთავარ საკლუბო ლიგაში საასპარეზოდ მოემზადა და ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად 14 ნოემბერს პორტუგალიაში გაემგზავრება.

ჩემპიონთა ლიგას პორტუგალიის ქალაქი ოდიველა უმასპინძლებს და გორელი ძიუდოისტებიც მასში პირველად მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ეს კლუბი შარშან დაარსდა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ბაზაზე და პირველივე შეჯიბრება - ევროპის ლიგა ტრიუმფით დაასრულა. ევროპის ლიგაზე გამარჯვებით გორელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და 16 ნოემბერს სწორედ ამ ახალ სიმაღლეს შეუტევენ პორტუგალიაში.

გუნდის შემადგენლობამ შარშანდელთან შედარებით მცირედი ცვლილება განიცადა. გასული წლის დარად ,,გოლდენ გორის" ღირსებას კვლავ დაიცავენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81) და ბექა ღვინიაშვილი (90), მძიმე წონაში კი ცვლილებაა - შარშან უშანგი კოკაური იდგა, ამჯერად კი გელა ზაალიშვილი იჭიდავებს.

,,გოლდენ გორს" კვლავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი უხელმძღვანელებს.

ჩემპიონთა ლიგაზე პირველობისათვის 8 კლუბი იბრძოლებს. ჩვენი ,,გოლდენ გორის" გარდა მასში იასპარეზებენ მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის ,,სპორტინგი", აგრეთვე ფრანგული კლუბები ,,ეტუალი" და ,,ფლამ 91", რუმინული ,,ბუქარესტი", სერბული ,,რედ სტარი" და რუსული კლუბები ,,იავარა ნევა" და ,,ეკატერინბურგი".

პორტუგალიაში გამგზავრების წინ ჩვენ ვესაუბრეთ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორს გიორგი პურიჭამიაშვილს.

,,გორში, მოგეხსენებათ, ადრე არასოდეს ყოფილა ძიუდოს კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ საკმაოდ დიდი წარმატებები გვქონდა ამ სახეობაში. ,,გოლდენ გორი" შარშან შიდა ქართლის რეგიონის გუბერნიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ბაზაზე, რის გამოც გორის მთელი სპორტული საზოგადოება დიდად მადლიერია. მისი შექმნით, ჩვენ, ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯი გადავდგით საკლუბო სისტემაში და ამ ნაბიჯმა გაამართლა. კლუბმა გასულ წელს ევროპის ლიგა მოიგო, რითაც დაამტკიცა რომ გორელ ძიუდოისტებს დიდი პოტენციალი აქვთ. ,,გოლდენ გორის" წარმატებამ გვიბიძგა, ვიფიქროთ კლუბის შექმნაზე სხვა სახეობებშიც, მაგალითად - თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც ასევე ძალიან ძლიერი სპორტსმენები გვყავს გორელებს.
რაც შეეხება ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას. ,,გოლდენ გორი" მართალია აქ დებიუტანტია, მაგრამ ფავორიტებს შორისაა. ამ კლუბის შემადგენლობის სიძლიერე და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებაზე ვიფიქროთ" – განაცხადა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

 

კვირის ამბები