1-ლი ივლისიდან დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში საქართველოს სახელმწიფო ნომრებით ავტომობილების მოძრაობა იკრძალება, - აღნიშნული განკარგულება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. შსს-მ მიიღო. შესაბამისად, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 1-ლი ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო ნომრებით იმოძრავებენ, საჯარიმო სანქციებს დაექვემდებარებიან.
როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა აღნიშნა, დე ფაქტო რეჟიმს აღნიშნული შეზღუდვის ამოქმედება 31 მაისიდან ჰქონდა დაანონსებული, თუმცა, პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მორიგი უკანონო შემზღუდავი ღონისძიების ამოქმედება ერთი თვით გადადო.
„კიდევ ერთი უკანონო შეზღუდვის ამოქმედებას გეგმავს დე ფაქტო რეჟიმი 1-ლი ივლისიდან. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება აეკრძალებათ. საოკუპაციო რეჟიმმა ქართულნომრიანი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდა, რომ აიღონ ე.წ. რესპუბლიკის ნომრები. ოკუპირებულ ახალგორში, ძირითადად, მოძრაობს სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს სახელმწიფო ნომრებით, ცხინვალსა და ოკუპირებული რეგიონის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი, ძირითადად, რუსული ან ე.წ. ოსური სახელმწიფო ნომრებით მოძრაობენ“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომობილების რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმი ასე ვთქვათ „უმარტივებს“ ავტომფლობელებს პროცედურებს და ე.წ. „უჩოტიდან“ მოხსნის გარეშე სთავაზობს ნომრების შეცვლას.