საზოგადოება
08.06.2021 13:30
საქართველოში ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იქმნება

ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, წლის ბოლომდე, საქართველოში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. პარალელურად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დამატებით ამცრელ ბრიგადებს გადაამზადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

კვირის ამბები