წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 249 ოქროს, და 31 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, უკვე მეორე წელია, სასწავლო პროცესი განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს, ზოგ სკოლას ნაწილობრივ, ზოგგან კი, მოსწავლეებს სრულად ონლაინ რეჟიმში სწავლა უწევდათ, თუმცა, საბოლოოდ, სასწავლო წელი სრულდება და უკვე ცნობილია შესაბამისი აკადემიური მოსწრების ხარისხი. შემიძლია გითხრათ, რომ წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 249 ოქროს და 31 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 67 საჯარო და 6 კერძო სკოლა 1 421-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.
შეგახსენებთ, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეს, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.