კლიმატის, ნიადაგისა და ზღვის დონის ცვლილებებიდან გამომდინარე, მეცნიერების მოსაზრებით, უახლოეს მომავალში, იტალიის ქალაქი ვენეცია შესაძლოა რუკიდან გაქრეს. ამგვარ დასკვნას ექსპერტები იმ ცვლილებების საფუძველზე აკეთებენ, რაც დაკვირვებების შედეგად დაფიქსირდა.
ბოლო პერიოდში ვენეციის ჩაძირვის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნიადაგმა 24 სმ-ით დაიწია. თუ 100 წლის წინ, წმინდა მარკოზის მოედანი წელიწადში დაახლოებით 9-ჯერ იტბორებოდა, ახლა ეს რიცხვი100-მდე გაიზარდა. იტალიის მთავრობა ვენეციის გადასარჩენად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ქალაქის ჩაძირვის პროცესს ვერ შეაჩერებს.
ვენეცია, ვენეტოს რეგიონის დედაქალაქი, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, მდინარეების - პოსა და პიავეს შორისაა განთავსებული, ეს პატარა კუნძულები ერთმანეთთან ხიდებითაა დაკავშირებული. ვენეცია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.